თბილისის კულტურის პოლიტიკა

9 Aprile 2013 Cultural Policy

თანაავტორები

ნინო გუნია-კუზნეცოვა, კულტურის პოლიტის ექსპერტი

მარინა ბალიაშვილი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

ბელა არუთინოვა, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი

 

 “პოლიტიკა, საბოლოო მიზანთა, პრაქტიკული მიზნებისა და საშუალებების სისტემაა, რომელსაც ხელისუფლებაზე დაყრდნობით აწარმოებს გარკვეული ჯგუფი. კულტურული პოლიტიკა შეიძლება მოიხაზოს პროფესიულ კავშირში, პარტიაში, საგანმანათლებლო მოძრაობაში, დაწესებულებაში, ქალაქსა თუ მთავრობაში. მაგრამ, ყველა შემთხვევაში, პოლიტიკა გულისხმობს საბოლოო მიზანს (ხანგრძლივს), გეგმას (განსაზღვრულს) და საშუალებებს (კოლექტივს, თანხებს და კანონმდებლობას), რომლებიც თანმიმდევრულ სისტემაში არის გაერთიანებული.”

ოგიუსტენ ჟირარი “კულტურული განვითარება: გამოცდილება, და პოლიტიკა”

“სადაც არ უნდა გავიხედოთ, ჩვენ ვხედავთ ნათელ მაგალითს იმისა, რომ კულტურა არის ფენომენი, რომელიც არ ექვემდებარება იმპერიული ძალაუფლების ჰომოგენურ გავლენას, არის ეს ძალუფლება პოლი-ტიკური თუ კორპორაციული. ჩვენმა საუკუნემ ნახა უამრავი ახლადაღმოცენებული დამოუკიდებელი სახელმწიფო, სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ კულტურული თუ ეთნიკუტი ჯგუფების ჩამოყალიბება, და უდიდესი წინააღმდეგობა პროდასავლური სტილის ანტიჰუმანური და ტექნოკრატიული ფასეულობების წინააღმდეგ. ეს დიდი ტილო_გლობალური და ისტორიული_არის ჩვენი საუკუნის კულტურული დემოკრატიის შენარჩუნების იმედი. Mმრავალი საბაბი არსებობს იმედგაცრუების გასამართლებლად: ეთნიკური წმენდები, გენოციდი, რასიზმი ისევე წარმოადგენს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილს, როგორც სიყვარულის უნარი. ნათელია, რომ კულტურული დემოკრატია ჩვენი ეპოქის სასიცოცხლო თემაა”.

კარლოს ფუენტესი “კულტურა, როგორც ისტორიის მთავარი გმირი”

კულტურული პოლიტიკა და მისი ქართული თავისებურებები

ყოვლისმომცველი კულტურის დარად კულტურული პოლიტიკაც მოიცავს საშუალებათა უზარმაზარ დიაპაზონს, რომელიც კულტურის განვითარებისთვისაა გამიზნული. მაგრამ ბევრი პოლიტიკოსი აწარმოებდა და დღესაც აწარმოებს კულტურულ პოლიტიკას იმისდა დაუფიქრებლად, თუ რამდენად ეფექტიურია იგი:  მათ ძირითად მიზანს წარმოადგენს საბიუჯეტო მაქსიმალური თანხების განკარგვა. ნამდვილ დემოკტრატიულ საზოგადოებაში ამგვარი კულტურული პოლიტიკა განხილული იქნებოდა ეკონომიკურ და პოლიტიკურ  ზეგავლენასთან ერთად, საზოგადოების სოცილურ ასპექტთან და მის მონაწილეობასთან კულტურულ ცხოვრებაში. სამწუხაროდ დღესდღეობით პოლიტიკოსთა უმრავლესობას არასაკმარისად აქვთ გათავისებული კულტურის პარადიგმა.

საქართველოში ბოლო პერიოდში, კულტურის პოლიტიკის ფორმირება ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსებით ხდებოდა. 2004 წლამდე ძირითად ამოცანას ზოგადად სისტემის შენარჩუნება წარმოადგენდა; ხოლო დეკლარაციულ დონეზე, კრეატიულობის გაძლიერებისა და ძალაუფლებისა და საკუთრების გადანაწილების საშუალებით დეცენტრალიზებული მოდელის შექმნის იდეის მხარდაჭერა ცხადდებოდა.

დეცენტრალიზაციის ამ მაქსიმალისტური ამოცანის გადაუჭრელობამ არგუმენტის როლი ითამაშა 2000-2003 წლებში არსებული სახელმწიფო კულტურული პოლიტიკის წინააღმდეგ.

2003 წლის ნოემბრის შემდეგ დაიწყო კულტურული პოლიტიკის გეგმაზომიერი ცვლილება-ინსტიტუციონალური რეფორმა: კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და კულტურული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია პრიორიტეტად გამოცხადდა. ამ მიზნით დაიწყო სახელმწიფო სტრუქტურების ოპტიმიზაცია, რესტრუქტურიზაციისა და შემცირების გზით, სახელმწიფო კულტურულ დაწესებულებათა ქონების ფორმათა შეცვლის საშუალებით. პრაქტიკულად, ინსტიტუციონალური რეფორმა დღევანდელ ეტაპზე ვლინდება ძირითადად საკანონმდებლო ცვლილებებში, რომლებმაც ხელი შეუწყო ძალაუფლების ცენრალიზაციას, ხოლო სტრუქტურათა დივერსიფიკაციის ნაცვლად მათი უნიფიცირების ტენდენცია გააძლიერა. სახელმწიფომ საკუთარი კონტროლი გაზარდა, თუმცა ვერ გადაჭრა აქამდე სტაბილურად არსებული უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრობლემა.

თუ წლების განმავლობაში არსებობდა მხოლოდ კულტურული პოლიტიკის საკანონმდებლო დოკუმენტის პროექტი, უცვლელი ინსტიტუციონალური და დომინანტური საბჭოთა კულტურული ფასეულობების დონეზე, დღეს მიღებული სტრატეგია კვლავ სტიმულაციას უკეთებს პატრონაჟულ და კონსერვატორულ მიმართებებს, სახელმწიფოებრივ –ცენტრალიზებულია და მხარს უჭერს კულტურის ცენტრალიზებულ მენეჯმენტს. Dდემოკრატიზაციის დეკლარირების მიღმა სახელმწიფო პოლიტიკა კულტურის დარგში ხელს არ უწყობს ახალი ფორმებით-ინტერკულტურული კომუნიკაციებით, ინტერნაციონალური თანამშრომლობით კულტურის მხარდაჭერას; არ არსებობს კულტურული განვითარებისათვის, თანამშრომლობისათვის და თავისუფლებისათვის ნეტწორკ-ების გავრცელების პროცესის რეალური ხელშეწყობა; დაბოლოს, კულტურის პოლიტიკა არ არის დაკავშირებული სოციალური ცხოვრების სხვა დომინანტებთან, როგოროცაა განათლება (აქ ურთიერთგამომრიცხავ პროცესებსაც კი ვაწყდებით), კულტურული ინდუსტრიები და ა. შ.

საქართველოში იდეა, რომ კულტურა და ხელოვნება უნდა ემსახურებოდეს ეკონომიკურ ზრდას, ექსპორტისა და დასაქმების მატებას, რომ უნდა გაძლიერდეს მისი, როგორც სახელმწიფოს განვითარების პოზიტიური ფაქტორის ფუნქცია, ჯერჯერობით არ არის პოპულარული.

სამწუხაროდ კულტურის პოლიტიკა ორიენტირებულია არა კერძო დაფინანსების დიდი რაოდენობით მოზიდვაზე მთლიანად კულტურის სექტორში, არამედ გამიზნულია კულტურის მიმართ ბრმად `ბაზრის ლოგიკის~ გამოყენებაზე. ამით საფრთხე ექმნებათ კულტურისა და ხელოვნების სფეროში მოქმედ ორგანიზაციებს, რომელთა მატერიალური ბაზა არასწორი პრივატიზაციის შედეგად შეიძლება აღმოჩნდეს არაკეთილსინდისიერი ინვესტორის ხელში. ამდენად, სამეწარმეო კულტურული პოლიტიკის მოდელის გამოყენების მცდელობისას ჩნდება სრული შეუსაბამობა ქართულ რეალობაში არსებული სახელმწიფოებრივი ცენტრალიზაციის მიმართ.

აქედან გამომდინარე იბადება კითხვა- რეალურად რამდენად უზრუნველყოფილია საქართველოში მოქალაქის უფლება კულტურაზე?

“კულტურაზე უფლება”, არის კულტურული პოლიტიკის საკვანძო საკითხი. 1948წ. გაეროს დაფუძნების შემდეგ, მისმა წევრებმა დამოაცხადეს `ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაცია~, რომელშიც აღნიშნულია, რომ ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს მონაწილეობა საზოგადოების კულტურულ ცხოვრებაში. თუკი ყოველი ჩვენგანი აღიქვამს ამ უფლებას, როგორც საკუთარი ადამიანური ღირსების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს (კულტურულ ფასეულობათა მემკვიდრეობის და საზოგადოების კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებას), ხელისუფლება, რომელიც პასუხისმგებელია ამ საზოგადოებაზე,  ვალდებულია შექმნას ამ მინაწილეობისათვის აუცილებელი სათანადო პირობები.

ამდენად კულტურული დემოკრატიის მიზნების განსახორციელებლად ერთ-ერთი პირველადი საშუალებაა საზოგადოების გამოცოცხლება- ანიმაცია (ფრანგული ტერმინოლოგიით_animation socio-culturelle).

დემოკრატიული კულტურული განვითარების საკითხი გლობალური პრობლემაა, თუმცა იგი იცვლება გეოგრაფიული, სოციალური და პოლიტიკური პირობებისდა მიხედვით.  ამავდროულად უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოში პრობლემას წარმოადგენს მოქალაქეთა ინტერესის გაზრდა კულტურის სფეროს მიმართ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, რასაც თავისი გამომწვევი მიზეზები გააჩნია. მოსახლეობის მძიმე სოციალური მდგომარეობა და ადგილობრივი თვითმმართველობითი სისტემის სისუსტე ბევრწილად ხელს უწყობს საზოგადოების ჩაკეტვას ყოფით პრობლემატიკაში.

საქართველოში ადგილობრივი მმართველობებისა და თვითმმართველობების დონეზე დღეისათვის პრობლემურია კულტურისა და ხელოვნების სფეროების დაფინანსება. შედარებით გამონაკლისს დედაქალაქი- თბილისი წარმოადგენს. სწორედ ამ მიზეზის გამო, როგორც სახელმწიფომ, ასევე ადგილობრივმა ადმინისტრაციამ პასუხისმგებლობა უნდა იკისრონ კულტურის დაფინანსებაზე. ძირითადი მიზანია, შემცირდეს კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობასთან დაკავშირებული უთანასწორობა, რომელიც არსებობს ქალაქისა და განაპირა ტერიტორიების მოსახლეობას შორის. ეს უმთავრესი მიზანი მიღწეული იქნება სოფლებსა და ქალაქებში კულტურული ცხოვრების განვითარების გზით. დღეისათვის გარეუბნების კულტურული ცხოვრება ნაკლებად აქტიურია. მეორე მნიშვნელოვანი მიზანი სოციალური კოჰეზიის განვითარებას ეხება. ყოველლივე ეს მთელი საზოგადოების მიზანს უნდა წარმოადგენდეს, რაც ადამიანურ ღირსებათა პატივისცემას დაემყარება. საზოგადოების კულტურულ ცხოვრებაში აქტიურმა მონაწილეობამ შესაძლოა შედარებით დაბალი სოციალური კატეგორიის მქონე ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრირებას შეუწყოს ხელი. ამის გამო საჭიროა, უზრუნველყოფილი იქნას კულტურულ შემოთავაზებათა ფართო სპექტრი. ამასთანავე კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების არჩევანი ყველა კატეგორიის მოქალაქისათვის მისაწვდომი უნდა იყოს, ინვალიდებისა და დაბალშემოსავლიანი მოქალაქეების ჩათვლით. განსაკუთრებული დახმარება შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებულ ადამიანებს ესაჭიროებათ.

კულტურული პოლიტიკის განხორციელების მეთოდები

როგორც წესი, სამთავრობო კულტურული პოლიტიკა მოიცავს ისეთ საკვანძო სფეროებს, როგორიცაა: შემოქმედება, კვლევა, გავრცელება, განათლება, ანიმაცია, შენახვა.

  1. შემოქმედება გულისხმობს თანამედროვე მხატვრების და სხვა, კულტურის დარგში მომუშავე ადამინათა მოღვაწეობას.
  2. კვლევა გულისხმობს მეცნიერულ აღრიცხვასა და ანალიზს.
  3. გავრცელება არის კულტურული პოლიტიკის ყველაზე თანამედროვე და მთავარი მიმართულება. კულტურული გავრცელების ახალი ხედვა გულისხმობს მასმედიის  მიერ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი კულტურული პოლიტიკის გატარებას, საზოგადოების დემოკრატიზაციისა და კულტურული დონის მაჩვენებელი ინდიკატორის ფუნქციის საკუთარ თავზე აღებას.
  4. განათლება არის კულტურული პოლიტიკის ძირითადი ფორტპოსტი, ვინაიდან კულტურული ცხოვრება საგანმანათლებლო უწყვეტ პროცესს წარმოადგენს. განათლების ზოგად სფეროში ცალკე გამოსაყოფია კულტურული განათლება-ეს ტრენინგი, როგორც კულტურული პოლიტიკის ცენტრი, მოიცავს მხატვართა, ხელოვნების ადმინისტრატორთა, პედაგოგთა, კრიტიკოსთა, და სხვა შესაბამისი დარგების მუშაკთა პროფესიულ განათლებას. განათლების, როგორც კულტურის გარემომცველი პროცესის, განვითარების პირობებში სახელმწიფო ამზადებს მომავალს ახალგაზრდა თაობებისათვის. ამდენად განათლება ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ინვესტიციაა, რომელსაც საზოგადოება უფრო მაღალ დონეზე აყავს.
  5. ანიმაცია შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკის ელემენტად იმდენად, რამდენადაც პოლიტიკა უკავშირდება კულტურულ დემოკრატიას (მაგალითად, ტელევიზიისა და მასმედიის მიერ კულტურულ ღონისძიებათა ინსპირირება). ასევე, ანიმაცია გულისხმობს, ერთის მხრივ, სახელმწიფოს მიერ კულტურის ხელმისაწვდომობის გაზრდას, მეორეს მხრივ, კი საზოგადოების კულტურულ პროცესებში მონაწილეობის მოთხოვნას.
  6. შენახვა გულისხმობს ექსპონატების დაცვას_შენობების, ნახატების, კოსტუმების, ავეჯის, მუსიკალური ლიტერატურისა და სხვა. აგრეთვე კულტურული უნარ-ჩვევების, როგორიცაა მაგალითად ღვინის წარმოება, კაფიაობა, სიმღერა და ა.შ.

შენახვა აღძრავს სხვა საინტერესო საკითხებსაც, ისეთებს, როგორიცაა დაძაბულობა კონსერვაციასა და განვითარებას (წინსვლას) შორის. Aწარსულის მიმართ უდიდესმა მოწიწებამ შეიძლება გამოიღოს სამუზეუმო კულტურის ტრადიცია (თუმცა ერთობ მოკლებული სიხალისესა და დინამიკას), მაგრამ წარსულისადმი გულგრილობა ვნებს კულტურას, თიშავს მას ისტორიული ფესვებისა და გაკვეთილებისაგან. M

მეორე პრობლემაა თავად შენახვის მიზანი: იგი შეიძლება უპირველეს ყოვლისა განხილული იყოს, როგორც ნაგებობისა და ექსპონატების გადარჩენა, ანდა ეს ექსპონატები და ნაგებობები შიძლება ჩაიბას ცოცხალ პროცესში, როგორც სხვა კულტურული აქციების მონაწილე გარემო. Aამგვარად ისინი დინამიური დიალოგის მონაწილენი ხდებიან.

შესაბამისად, მთავარი საკითხია, თუ რისი დაცვის აუცილებლობას გრძნობს ხალხი – ერთის მხრივ ჩვენი განვითარებადი საზოგადოებებისათვის უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს ადგილობრივი ტრადიციების შენახვა და გაფართოება-განვითარება, რომელიც წარსულში ქართული საზოგადოების ენერგიისა და შთაგონების წყარო იყო; ამავე დროს უნდა ათვისებულ იქნას ის, რაც საუკეთესოა ინდუსტრიალიზირებულ სამყაროში და თანაც ისე, რომ არ ვიქნათ წალეკინი ამ სამყაროს ჭარბი პროდუქციით.

 

ამდენად ნათელი, გასაგები კულტურული პოლიტიკის შესაქმნელად აუცილებელია მოქმედების სამი კატეგორია:

  • კულტურულ ფასეულობათა, მიზანთა და პრირიტეტთა ჩამოყალიბების პროცესები
  • იმ ინიციატივებისა და ხარჯების პროგრამები, რომლებიც ამ მიზნებს ემსახურება.
  • ირიბი პოლიტიკის მაკონტროლებელი საშუალებები – ერთგვარი დამცავი პროცესი, რომლის საშუალებითაც მოხდება თითოეული სოციალური ქმედების კულტურული გავლენის შეფასება.

პირველი ნაბიჯი უზრუნველყოფს ბაზიზსა და კრიტერიუმებს მომდევნო ორისათვის.

კულტურული პოლიტიკის მონაწილენი და მწარმოებელნი

უმეტესად კულტურული პოლიტიკის სასიცოცხლო საკითხებს პოლიტიკოსები ქმნიან/წყვეტენ. საზოგადოების პასიური პოზიცია კი აძლევს მათ საშუალებას საკუთარი სურვისლისდა მიხედვით წარმართონ კულტურული პოლიტიკა და თამაშგარეთ დატოვონ საზოგადოების დანარჩენი ნაწილი, ე.ი. წაართვან მათ მოქალაქეობრივი უფლება.

მაგრამ ჭეშმარიტი კულტურული დემოკრატია ემყარება ყოველი მოქალაქის უფლებას მიიღოს მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. და უპირველეს ყოვლისა, კულტურული დემოკრატია გულისხმობს კულტურულ დეცენტრალიზაციას – ე. ი. გადაწყვეტილებების მიღება უნდა ხდებოდეს ჰორიზონტალური და არა ვერტიკალური მიმართულებით; მთავრობიდან უნდა მომდინარეობდეს  მხოლოდ ის საკვანძო ბრძანებულებები, რომლებიც აუცილებლად ზედა ეშელონებში უნდა შემუშავდეს.

ასე რომ საკითხი, ვინ ქმნის პოლიტიკას, ერთ-ერთი ყველაზე რთული და სადისკუსიოა.

თუ შევთანხმდებით, რომ კულტურული პოლიტიკა ეფუძნება იმ ფასეულობებსა და პრინციპებს, რომლებიც განაპირობებენ იურიდიულ-სოციალური პირის კულტურულ საქმიანობას, ლოგიკურია, რომ იგი, როგორც წესი, მთავრობის მიერაა შემუშავებული (სასკოლო მმართველობებიდან დაწყებული, პარლამენტით დამთავრებული). მაგრამ მის ჩამოყალიბებაში აგრეთვე აქტიურად მონაწილეობენ კერძო სექტორის სხვადასხვა ორგანიზაციებიც (კორპირაციებიდან დაწყებული საქალაქო და საზოგადოებრივი ორგანიზაციებით დამთავრებული). პოლიტიკა უზრუნველყოფს ერთგვარ ფორტპოსტებს იმათთვის, ვინც დაკავებულია რა კულტურული ცხოვრებით, იღებს გადაწყვეტილებებს და ახორციელებს აქციებს.

ძალიან ხშირად, კულტურული პოლიტიკა ფორმალურად არცაა განსაზღვრული. Aამის ნაცვლად ჩვენ ხელთა გვაქვს სოციალური აქტივობის კულტურული ეფექტები, ხანდახან სპონტანურიც კი.

განხოციელებულ თუ მიმდინარე მრავალ საზოგადოებრივ პროექტში, შემოქმედი ორგანიზატორები იყენებენ სხვადასხვა შემოქმედებით და საორგანიზაციო უნარ-ჩევევებს, რათა დაეხმარონ საზოგადოების წევრებს,  გამოხატონ და აღმოაჩინონ საკუთარი კულტურული იდენტურობა, გააკონტროლონ საკუთარ კულტურული განვითარება. ამასთანავე დღის წესრიგში დგება მრავალი სოციალური პრობლემა:

  1. როგორ დავძლიოთ ჩევნში უკვე დამკვიდრებული გაუცხოება მოდერნიზაციის მიმართ?
  2. როგორ შევინახოთ და აღვადგინოთ ჩვენი ტრადიციები?
  3. როგორ გავაადვილოთ კროსკულტურული ურთიერთობები და კოოპერაცია?
  4. როგორ შეგვიძლია გავაცოცხლოთ და გავახალისოთ საზოგადოებრივი ცხოვრება?
  5. როგორ შევუწყოთ ხელი სოციალურ ცხოვრებაში კულტურული საქმიანობის მონაწილეობას?

ცხადია, რომ ამ პროცესებში ჩართულობა ქალაქად მეტია, ვიდრე სოფლად.

 

ქალაქი, როგორც კულტურული პოლიტიკის ძირითადი მოთამაშე

კულტურა გახდა სამყაროს დრამატული ცვლილების ძალზე მნიშვნელოვანი მონაწილე. გლობალური ეკონომიკის განვითარებამ, გლობალური კულტურული ნაწარმისა და მარკების, გლობალური  მედია საშუალებების პროდუქციის მიერ მსოფლიოს ტოტალურმა დაპყრობამ შეიძლება ორი განსხვავებული ადგილი, ერთმანეთის მსგავს, უსახო ტერიტორიად აქციოს, ანდა მოგვაჩვენოს ასეთად.

არის საშიშროება, რომ აღმოვჩნდებით ჰომოგენოუს, მონოკულტურულ სამყაროში, და როგორც გლობალური გაფართოების საპირისპირო რეაქცია, ჩნდება მოთხოვნილება მეტად განვავითაროთ ადგილობრივი ინდივიდუალურობა.

მთელს მსოფლიოში კულტურის პოლიტიკის ექსპერტები, კულტურის მინისტრები შეწუხებულები იყვნენ იმ გლობალური სოციალური ტენდენციით, რომელიც გამოიწვია მასობრივი საინფორმაციო საშუალებების სწრაფმა ზრდამ, ინდივიდუალური გაუცხოების ფონზე მიმდინარე ურბანიზაციამ და მოდერნიზაციამ. მსოფლიოში ეს ფაქტორი აღიარებულ იქნა, როგორც კულტურის “ამერიკანიზაცია”.

აღსანიშნავია, რომ  ინტერკულტურული კომუნიკაციებისა და ახალი მედიების  როლი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, ამასთანავე ისინი კონფლიქტში შედიან ტრადიციულ კულტურულ ურთიერთობებთან- თანამედროვე მსოფლიოს ახასიათებს ინტერკულტურალიზმისა და მულტიკულტურალიზმის დაპირისპირება, რომელიც გლობალიზაციის პროცესის თანმდევია, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს განსხვავება ამ ორ ცნებას შორის, ისინი მაინც კომუნიკაციის ფაქტორით არიან დაკავშირებულნი. თუ სულ ცოტა ხნის წინ კულტურული გავრცელება ზეგავლენას ახდენდა მხოლოდ ნაციონალურ განვითარებაზე, ახლა მან მიიღო ახალი მნიშვნელობა. კერძოდ, ის აღნიშნავს ახალი, რადიკალური ინოვაციების განსხვავებების ფაქტორს- მაგალითად ხელოვნების ახალ/თანამედროვე მიმართულებებს. ეს ძირითადად  ურბანულ კულტურას ახასითებს.

ცივილიზაციის გარდამავალ ეტაპზე დომინანტური როლის მქონე თანამედროვე კულტურულ კონგლომერატებში-ქალაქებში ორი ტენდენცია ერთდროულად ვითარდება- ყურადღების გადატანა კულტურულ ფესვებზე, ტრადიციებზე და ბრძოლა გლობალური ინტერესების სფეროში მოსახვედრად, ინვესტორთა, მაყურებელთა, მომხმარებელთა ყურადღების მოსაძიებლად.

21-ე საუკუნეში წარმატებული ქალაქები წარმოადგენენ მოქნილ, პატივმოყვარე და ღია სისტემებს, ისინი მუშაობენ თანამშრომლობის რეჟიმში, წარმოადგენენ ამხანაგობებს, რომელნიც იყენებენ ადგილობრივ ტალანტებს, როგორც საკუთარ რეგიონში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ამით ხელს უწყობენ შემოქმედებითი პოტენციალის, კულტურის,  სიახლეებისა და ღიაობის განვითარებას; შედეგად იქმნება “ქალაქის სული”. ერთის მხრივ თავისთავში ჩაღრმავებული, ხოლო მეორეს მხრივ კოსმოპოლიტური, ქალაქი, აღწევს წარმატებას მაშინ, როდესაც ერთდროულად ინტერნაციონალური ორიენტაცია და საკუთარი იდენტურობა პოზიციონირებულია ერთ მთლიან არტისტულ სახე-ხატად.

სწორედ ეს არის უმთავრესი ამოცანა კულტურული პოლიტიკისა.

ქალაქის დონეზე კულტურული პოლიტიკის დანერგვა ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე ეროვნულ დონეზე. პირველ რიგში, გეოგრაფიული არეალი უფრო მცირეა; მეორე, ქალაქის კულტურული ხედვის ჩამიყალილბება ნაკლებ სირთულეს წარმოადგენს, ვინაიდან მასში ჩართულ მონაწელეთა რაოდენობა ნაკლებია; მესამე, ბევრ ქალაქს უფრო მეტი რესურსი აქვს მთავრობისგან მიღებული რესურსების ჩათვლით – მაგალითად, 2003 წელს თბილისის მერიის კულტურის სამსახურის ბიუჯეტი კულტურის სამინისტროს ბიუჯეტს უთანაბრდებოდა; მეოთხე, ინიციატივათა რაოდენობა ქალაქში მეტად თვალსაჩინოა და ამგვარად კულტურული ინსპირაციისათვის მეტ საშუალებას იძლევა; დაბოლოს, კულტურის მოღვაწეთა მნიშველოვანი რაოდენობა (კრიტიკული მასა) იდეებისა და კავშირების უფრო დიდ შესაძლებლობას იძლევა ქალაქისათვის.

ჩარლზ ლანდრის ნაშრომში “წარმოსახვა და რეგენერაცია: კულტურული პოლიტიკა და ქალაქების მომავალი” გამონათქვამი: “კულტურა წარმოადგენს ქალაქის სასიცოცხლო კომპონენტს, მის ბურჯს ( sustainability) და  მაცოცხლებელ მის არსსა და თვითგამოხატვას…”ზუსტად ესადაგება თბილისის ურბანული კულტურის ფენომენს.

თბილისური კულტურა თავისი ხასიათით უაღრესად სპეციფიკურია და კიდევ უფრო სხვაა ვიდრე ზოგადად ქართული კულტურა; იგი ყოველთვის სხვადასხვა კულტურათა გადაკვეთის, ამ კულტურათა შენახვის, აკუმულირების და შესაბამისად, ფენომენალურად თავისებური კულტურის წარმოშობის ადგილსამყოფელია, რომელშიც თანაარსებობდნენ სხვადასხვა ეროვნულ-ეთნიკური, სხვადასხვა რელიგიური კულტურები, სუბ-კულტურები, რამაც ერთობლიობაში სრულიად ჩამოყალიბებული მულტიკულტურული სახე შექმნა. რეალურად ეს იმას ნიშნავს, რომ თბილისში, როგორც დედაქალაქში საფუძველი ჩაეყარა მეტად თავისებურ ურბანულ კულტურას, ქალაქმშენებლობით და ქალაქური სოციალური მოწყობის, ქალაქური თანაცხოვრების ტრადიციას.

ამასთან, განსაკუთრებით საინტერესოა განვიხილოთ ე.წ. “ურბანული განახლების” ფენომენი, რომელიც თბილისში 2004 წლიდან მკვიდრდება.

მიმდინარე ურბანული გადახალისების პოლიტიკა გამიზნულია რღვევადი ინფრასტრუქტურის, ცხოვრების არასტანდარტული პირობების,  ბოროტმოქმედების პრობლემების გადასაჭრელად. ამან დიდი გავლენა მოახდინა ჩევენი ქალაქის კულტურული ცხოვრების დონეზე. წაშალა რა შემოგარენისა და გარეუბნების კულტურული ცხოვრება, შეამცირა ახალგაზრდების შეხვედრების ადგილების განსხვავებულობა, მოახდინა ღირშესანისნავი ადგილების უნიფიცირება და მრავალი სხვა, რაც ადამიანის ინფრასტრუქტურასთან და საქალაქო ორაგნიზაციებთან ერთად შეადგენდა კონკრეტული ადგილების შარმს.

კულტურული პოლიტიკის ამგვარი სახეობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია მასკულტურიზაციის და უნიფიცირების თანმდევი მოვლენები, არის ნაყოფი იმ არაჰარმონიული საქმიანობისა, რომელსაც აწარმოებს სახელმწიფო. სამწუხაროდ, ჯერაც არ არსებობს მუნიციპალიტეტის დეპარტამენტების ერთობლივი მუშაობის ტრადიცია, რომლის წინაპირობა იქნებოდა ყურადღების მიმართვა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხებისადმი, როგორიცაა: ესთეტიკა, მშვენიერება და ურბანიზაციული დიზაინი.

თბილისის კულტული პოლიტიკა, როგორც ქართული სახელმწოფოებრივი აზროვნების ანიმატორი

არსებობს გარკვეული სფეროები, რომლებსაც კარგად განვითარებული ქალაქის კულტურული სტრატეგია მიმართავს, რაც უფრო რთულია როგორც განსახილველად, ასევე მის დასანერგად. მაგალითად, ნათელი პრიორიტეტი გულისხმობს ქალაქის უმთავრესი კულტურული მემკვიდრეობის სტრუქტურის დაცვას. ყოველივე ეს მრავალ მიზეზთა გამო მოიცავს ადგილობრივი ცნობიერებისა და მრავალ ღირსშესანიშნაობათა გათვალისწინებას. მაგრამ საბოლოოდ ეს იქნება ის მნიშვნელოვანი წერტილი, რომელიც უპირველეს ყოვლისა თბილისში მოიზიდავს ტურისტებს. ეჭვგარეშეა, რომ კულტურული ტურიზმი თბილისის გადარჩენის გზაა, მაგრამ ასევე იგი იქნება რესურსებისა და ინტერესების მოზიდვის მნიშვნელოვანი კომპონენტი. ყოველივე ეს გულისხმობს, რომ გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა უნდა გაიაზრონ ეს გრძელვადიანი მოგებები, რათა იზრუნონ ქალაქის ისტორიულ სტრუქტურაზე. როგორც ავღნიშნეთ, თბილისი ამჟამად იმ ფასეულობათა დანგრევის პროცესშია, რომლებიც მას უნიკალობასა და მიმზიდველობას ანიჭებენ, და ეს იმ დროს, როდესაც კულტურული მემკვიდრეობა კულტურული ტურიზმის განვითარების წინაპირობას წარმოადგენს და სოციალური და ეკონომიკური განვითარების ბაზაა, ხოლო კერძო მოგებისათვის ძველი ნეგებობების დანგრევა კი პრობლემის მოკლევადიანი გააზრებაა.

2003 წელს თბილისში განხორციელდა ევროსაბჭოს ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტი. ექსპერტთა აზრით ძირითადად უნდა მიჩნეულ იქნას ის პოლიტიკური პრიორიტეტები, რომლებიც შემდეგ სტრატეგიული მიმართულებების ჩამოყალიბებას განსაზღვრავენ:

  1. განახლდეს განხილვა და კამათი ხელოვნებისა და კულტურის სფეროში ინვესტიციების თაობაზე, არსებული ინსტიტუციები და პროექტები რამდენად უნდა ფინანსდებოდეს საზოგადოებრივი რესურსებით. ყოველივე ეს მოიცავს თანამედროვე ტერმინების გააზრებას, მაგალითად: “რა მიზანი აქვს კულტურის დაფინანსებას?” და “რა როლი შეიძლება შეასრულონ კულტურის ინსტიტუციებმა?”
  2. თბილისის მოქალაქეთა რა კულტურული საჭიროებები და მოთხოვნებია გასათვალისწინებელი იმისათვის, რომ მოსახლეობის თანამონაწილეობა, ჩართულობა და პროცესისადმი ინტერესი გამოიწვიოს.
  3. კულტურის პრიორიტეტების დაფინანსება დაკავშირებულია ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ფორმორებასთან.
  4. ხელი უნდა შეეწყოს თვითდაფინანსების განვითარებას კულტურის მენეჯმენტისა და საორგანიზაციო უნარ-ჩვევების განვითარების გზით, რაც გააუმჯობესებს პროექტებისა და ინსტიტუციების საქმიანობას.
  5. ქართული და თბილისური კულტურების ხასიათის გამოკვეთის აქცენტირება  და ამ პროცესის წახალისება.
  6. აქცენტი გაკეთდეს ინტეგრირებული ურბანიზაციის განვითარებაზე, როგორც, კულტურის ერთ-ერთ ინიციატივაზე.

ფართო პოლიტიკა ამასთანავე უნდა მოიცავდეს:

  1. კულტურის ინსტიტუციათა და მოღვაწეთა დამოკიდებულების, ხედვის შეცვლას.
  2. უზრუნველყოს კულტურის როლის გაზრდა ძლიერი და სიცოცხლით სავსე თბილისის შექმნაში.
  3. განავითაროს თბილისისათვის საერთაშორისო პროფილის შექმნა,  განსაკუთრებით კი კულტურული ტურიზმის განვითარების გზით.

ამდენად საინტერესოა, გავარკვიოთ თუ რა დამოკიდებულება აქვთ კულტურის პოლიტიკის შემქმნელთ და მომხმარებელ სამიზნე ჯგუფებს ქალაქ თბილისის კულტურული განვითარების პერსპექტივებისა და ამ პროცესში საკუთარი თანამონაწილეობის მიმართ.

ევროსაბჭოს ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციების გათვალისწინებით 2004 წელს ქალაქ თბილისის მერიის კულტურისა და სპორტის საქალაქო სამსახურის დაკვეთით კულტურის გადარჩენის ფონდის მიერ პროექტის “ქ. თბილისის განვითარების სტრატეგიული გეგმისათვის კულტურისა და  ტურიზმის პოლიტიკის  კონცეფციის შექმნა” ფარგლებში ჩატარდა ფსიქო-სოციოლოგიური კვლევა თბილისის ურბანული კულტურის შესახებ.

კვლევის შემდეგ ეტაპზე წამოიჭრება კითხვები დაკავშირებული ურბანული კულტურის დანარჩენ შრეებთან:

  1. კულტურული ურთიერთობები, როგორც ურბანული კომუნიკაციის თვისობრიობა.
  2. თბილისის კულტურულ  მოვლენათა ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფების მიერ აღქმის და განცდის სხვაობათა გამოვლენა, სუბკულტურების დახასიათება;
  3. ანალიზი, თუ რამდენად ფართო საზოგადოების, მაყურებლის მიერ აღიარებულ იქნება კულტურის პოლიტიკის სფეროში გარკვეული ცვლილებები.

კვლევის მიზანი

კვლევის მიზანს წარმოადგენდა შემდეგი საკითხების განხილვა:

1. თბილისის კულტურული განვითარების ძირითადი ასპექტები

2. თბილისის ქალაქური კულტურის პრობლემები

3. კულტურული განვითარების სავარაუდო მიმართულებები

4. ქალაქის კულტურულ განვითარებაზე ზემომქმედი ფაქტორები

5. თბილისის საიმიჯო ატრიბუტები

6. ტურიზმის ზეგავლენა  თბილისში კულტურის განვითარების დინამიკაზე

მეთოდი

თვისობრივი კვლევა

კვლევა წარმოებდა ფოკუსური ჯგუფის მეთოდით. სადისკუსიო ჯგუფის მონაწილეთა შერჩევისას გამოვდიოთ იმ მოსაზრებიდან, რომ ზოგადად კულტურა, ისევე როგორც კულტურული პროდუქტი ორ ძირითად მხარეს, აქტორს გულისხმობს – მის მომხმარებლებსა და შემქმნელებს. ფოკუსური ჯგუფები სწორედ ამ ორი მხარის წარმომადგენლებით დაკომპლექტთა. ორი ჯგუფის მონაწილენი იყვნენ იმ სოციალური ფენის წარმომადგენლები, რომლებიც მოიაზრებიან კულტურული პროდუქტის აქტიურ მომხმარებლებად, კერძოდ, ვგულისხმობთ მოზარდებსა და ახალგაზრდებს. დანარჩენი სამი ფოკუსური ჯგუფის მონაწილენი იყვნენ იმ სტრუქტურებისა თუ ორგანიზაციების ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირები, რომლებიც  გარკვეული ხარისხით განსაზღვრავენ კულტურის ამა თუ იმ სფეროს დღევანდელ მდგომარეობას და განვითარების პერსპექტივებს. უკლებლივ ყველა ფოკუსური ჯგუფის მონაწილეთა მოსაზრებების გათვალისწინება უდავოდ მნიშვნელოვანია კვლევის ობიექტის სამომავლო განვითარებისა და სტრატეგიული ცვლილებების გატარების თვალსაზრისით.

ფოკუსური ჯგუფები შედგებოდა 8-10 კაცისგან. ისინი აფასებდნენ საკვლევი ობიექტის ძლიერ, დადებით და უარყოფით მხარეებს, უპირატესობებს,  ძირითად ფასეულობებს, მოსალოდნელ საფრთხეებსა და შესაძლებლობებს, ქალაქური კულტურის განვითარების გზებსა და პერსპექტივებს, საკვლევი საკითხის სოციალურ რელევანტურობას.
კვლევის სამიზნე ჯგუფი

სულ ჩატარებული იყო 5 ფოკუსური ჯგუფი:

თინეიჯერები
სტუდენტები
ექსპერტები
ტურიზმისა და არქიტექტურის სფეროს წარმომადგენლები
ნაციონალური დიასპორების წარმომადგენლები

ფოკუსური ჯგუფის ხანგრძლივობა – საშუალოდ  120 წუთი.

ძირითადი მიგნებები

  • იმისათვის, რომ გამოიკვეთოს თბილისის კულტურული განვითარების ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები, საჭიროა ქალაქის ფუნქციური დანიშნულების, მისი წამყვანი თავისებურებების, ანუ საიდენტიფიკაციო კოდისა და სამომავლო პერსპექტივის განსაზღვრა.
  • მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე, დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ თბილისის კულტურულ განვითარებაზე საუბრისას ადამიანთა ის ერთობლიობა, რომელსაც ეს პროცესი ეხება, შეიძლება ზოგადად დავყოთ ორ ნაწილად: საქართველოს მოსახლეობა და ვიზიტორები.
  • ადამიანთა ერთობლიობის ამგვარი დიხოტომიის მიზეზს წარმოადგენს აღნიშნული ორი ჯგუფის ქალაქთან კომუნიკაციის თავისებურება, რომელიც გამოიხატება დედაქალაქის იმიჯის შემქმნელი ატრიბუტების წონებს შორის სხვაობაში. (ადგილობრივი მაცხოვრებლისთვის, მაგალითად, ქალაქის იმიჯის შეფასებისას წამყვანი ფაქტორი შეიძლება იყოს ეკოლოგიური სისუფთავე და თავისუფალი, გადაუტვირთავი საგზაო მოძრაობა (ტექნოლოგიური იმიჯი), მაშინ როდესაც ტურისტისათვის თბილისის მთავარ საიმიჯო ატრიბუტს შეიძლება წარმოადგენდეს მისი კომუნიკაბელურობა, უშუალობა (სოციაბელურობა),  ქართული ხელოვნების თავისებურებები ან ღვინის სმასთან დაკავშირებული რიტუალები და ა.შ.)
  • თბილისის როგორც სახელმწიფოს დედაქალაქის ფუნქციურ დანიშნულებაში სამიზნე აუდიტორიის სპეციფიკიდან გამომდინარე შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე დონე.  თბილისის კულტურული იერსახე მნიშვნელოვანი ცვლადია, როგორც:
  1.  ქვეყნის პოლიტიკის ინდიკატორი
  2. საქართველოში ტურიზმის განვითარების საფუძველი
  3. ევროპისა და აზიის კულტურული მემკვიდრეობების მედიაციური სივრცე
  4. ადგილობრივი მოსახლეობის კულტურისა და განვითარების დონის ზრდის განმაპირობებელი ერთ-ერთი ფაქტორი
  5. ქვეყნის ცნობადობის ამაღლებისა და იმიჯის გარკვეული კუთხით პოზიციონირების საშუალება.
  • სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფში ჩატარებული თვისობრივი კვლევის საფუძველზე შეგვიძლია გამოვყოთ თბილისის როგორც ქვეყნის იმიჯის მაფორმირებელი მნიშვნელოვანი ცვლადის საიდენტიფიკაციო კოდი და მისი მდგომარეობა დღეს.
  • თბილისი, როგორც ბრენდი, აგებულია ქალაქის ისტორიულ წარსულზე,  მოგონებებზე, გადმოცემებსა და ლეგენდებზე დაყრდნობით და მასში თანამედროვე ქალაქის საიდენტიფიკაციო მასალა ნაკლებადაა პოზიციონირებული.
  • ეს ფაქტი განპირობებულია თბილისის ძველ ტრადიციებთან დაშორებით და ახალი ორიენტაციის არარსებობით, რაც, თავის მხრივ, ქმნის ქალაქის იდენტურობის, მისი სპეციფიკის დაკარგვის საფრთხეს. თუკი ქალაქი არ იქნება ასოცირებული მის განმასხვავებელ ნიშანთა კომპლექსთან და წარმოდგენები მის შესახებ ძალიან დიფუზური იქნება, მისი სხვა ქვეყანების მხრიდან ყურადღების მიქცევისა და ინტერესის სტიმულირების შესაძლებლობა დაეცემა.
  • ქალაქური კულტურა იქმნება ურბანულ გარემოში. თბილისური კულტურის დამხასიათებელ გარემოს ქმნიდა თბილისური ეზოები მათი განუყოფელი ნიშნით, რასაც შეიძლება ვუწოდოთ გვერდი-გვერდ მცხოვრებ ადამიანთა პასუხისმგებლობა ერთმანეთის წინაშე.
  • ძველი თბილისი ასოცირებულია ძველ ქალაქურ  ტრადიციებთან,  დინამიურ ადამიანურ ურთიერთობებთან, მიღწევებთან ხელოვნებასა და კულტურაში, ქცევის კულტურასთან, ძველ არქიტექტურასთან, მულტიეროვნულ ურთიერთობებსა და ტრადიციებთან. ფოკუს ჯგუფების მონაწილენი ამავდროულად მიიჩნევენ, რომ ძველი ქალაქი უნდა დარჩეს ცოცხალ, ფუნქციონირებად ორგანიზმად მისი არქიტექტურული გარემოს შენარჩუნებისა და გაფრთხილების ფონზე. ჯგუფური დისკუსიის ზოგიერთი მონაწილის აზრით, საჭიროა გარკვეული “დამცავი ზონის” შექმნა ისტორიული თბილისის დასაცავად.
  • რაც შეეხება თბილისის ცენტრს, მის მიმართ არსებული მოთხოვნები განსხვავებულია სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებში. თინეიჯერებისათვის ის  უნდა იყოს დროის სასიამოვნოდ გაყვანის, თავისუფალი არჩევნის, უსაფრთხო ზონა, სადაც ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ მათთვის სასურველი გართობის ტიპის მიხედვით. უცხოელი ვიზიტორების დაინტერესებისათვის კი წამყვანი მნიშვნელობა ცენტრის ისტორიულ-კულტურულ ღირებულებას ენიჭება.
  • ეთნიკურ ნიშანთა სიმრავლე ქალაქს სძენს დინამიურობის ნიშანს, რაც თავის მხრივ, დაკავშირებულია სხვადასხვა ეროვნული ტრადიციების, წეს-ჩვეულებების, ცხოვრების წესის, ურთიერთობის კულტურისა და ა.შ. გაზიარებასა და ურთიერთზეგავლენასთან. ამასთანავე, ნიშანდობლივია ის ინდიფერენტული დამოკიდებულება, რომელიც გამოვლინდა, განსაკუთრებით, მოზარდებისა და ახალგაზრდების მხრიდან, თბილისური კულტურის ისეთი სპეციფიკური თავისებურების მიმართ, რასაც მისი მოსახლეობის პოლიეთნიკურობა განაპირობებდა.
  • ამგვარი დამოკიდებულების გამოძახილად უნდა მივიჩნიოთ ეროვნული დიასპორების წარმომადგენელთა განცდა, რომ ისინი ზედმეტნი არიან ამ ქალაქში და მხოლოდ ბუტაფორულ როლს თამაშობენ გარკვეული კულტურული ღონისძიებების დროს. მათ სურთ, არა მარტო შეახსენონ ქალაქს თავისი არსებობა, არამედ მის ცხოვრებაში რეალურად ინტეგრირებულნი იყვნენ და ჰქონდეთ შესაძლებლობა შეიტანონ ქმედითი წვლილი თბილისური კულტურის განვითარებაში. ამისთვის კი საჭიროა ეროვნული უმცირესობების მიმართ განსაზღვრული პოლიტიკის შემუშავება თუნდაც მუნიციპალურ დონეზე.
  • ყურადღებას იმსახურებს ახალგაზრდებსა და განსაკუთრებით მოზარდებთან გამოვლენილი ტენდენცია მოიაზრონ კულტურა რელიგიასთან მჭიდრო კავშირში და მის კონტექსტში. ასევე ნიშანდობლივია საკმაოდ ორთოდოქსული რელიგიური შეხედულებების დემონსტრირება ფოკუს-ჯგუფის მოზარდ მონაწილეთა მნიშვნელოვანი ნაწილის მხრიდან.
  • საქართველოში ტურიზმის დაბალი მაჩვენებელი უცხოელებისთვის ქვეყანაში არახელსაყრელი, ნაკლებად უსაფრთხო გარემოს არსებობით, საქართველოში ვიზიტის ნეგატიური გამოცდილებით არის განპირობებული.
  • ქალაქის დღევანდელი აღქმა და მისი იმიჯი მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. დღეს ქალაქი ასოცირებულია ეკოლოგიურ, ეკონომიკურ, განათლებისა და ურთიერთობების კრიზისთან, რაც კულტურის განვითარების არსებულ და მოსალოდნელ პრობლემებზე მიუთითებს.
  • ამასთანავე, უმთავრესი პრობლემა დაკავშირებულია არა იმდენად ეკოლოგიურ ან ეკონომიკურ კრიზისთან, რამდენადაც კულტურისადმი ზოგადად  საზოგადოების დამოკიდებულებასთან.  კულტურული ცხოვრების განვითარების პერსპექტივა დამოკიდებულია სამომხმარებლო გემოვნებაზე, ეს უკანასკნელი კი ყალიბდება კულტურის მაფორმირებელი ატრიბუტების თავისებურებისა და მათი პოზიციონირების პოლიტიკის მიხედვით.  მიწოდება ცვლის მოთხოვნას – მოთხოვნა მიწოდებას.
  • ძირითადი აქცენტი თბილისური კულტურის კონცეფციაში ფოკუსური ჯგუფების მონაწილეთა მიერ გაკეთდა თბილისური ტრადიციების მოდერნიზაციასა და ამ აქტივობისადმი საზოგადოების სტიმულირების რეალურ პრობლემაზე.
  • ამ პრობლემების ერთ-ერთ მნიშვნელოვან დეტერმინანტს წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, ხელოვნების სხვადასხვა დარგის მხარდაჭერის მწირი ფინანსური შესაძლებლობები და ზოგადად კულტურის პოლიტიკის არარსებობა.
  • აგრეთვე პრობლემური სფეროა განათლების სისტემა და ზოგადი დამოკიდებულება განათლებისადმი. განათლება თანდათანობით კარგავს თავის ფუნქციურ დატვირთვას, რასაც, თავის მხრივ, თან სდევს კულტურული განვითარების დონის შესუსტება.
  • ქალაქის კულტურული დონის მნიშვნელოვან ინდიკატორს წარმოადგენს თავისუფალი დროის ორგანიზების, გატარების ტრადიციები. თბილისი ამ თვალსაზრისით ერთგვარ გასტრონომიულ კულტურას წარმოადგენს.
  • ამავე დროს ხელოვნებასთან ზიარება და, შესაბამისად, ადამიანთა კულტურული განვითარება მნიშვნელოვნად შეზღუდულია თავისი მიუწვდომლობის გამო ფართო აუდიტორისათვის. არა მარტო, ვთქვათ, სიმფონიური მუსიკის კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები, არამედ ფილმების ყურებაც კი კინოდარბაზებში იქცა ერთგვარი ელიტარული გართობის სახეობად. მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია მუნიციპალური კინოთეატრებისა და ხელოვნების სხვა კერების დაარსებით, აგრეთვე სხვადასხვა სახის შეღავათებისა და ა.შ. დაწესებით თუნდაც სტუდენტებისთვის და სოციალურად დაუცველი ფენების წარმომადგენელთათვის.
  • თბილისის კულტურული სახე ბრენდის განვითარების ლოგიკურ სტადიებს გადის და ცვლილებების დაგეგმვისა და მართვის გარეშე, ბრენდი მოკვდება. კულტურის განვითარების პროგრამას ქალაქის იდენტურობის შენარჩუნებისა და პოზიციონირების მიზნით დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

რეკომენდაციები

  • ფოკუსური ჯგუფების შედეგების ანალიზის საფუძველზე ზოგადი რეკომენდაციების სახით შეიძლება ითქვას, რომ ქალაქის კულტურული განვითარება მხოლოდ მუნიციპალიტეტის, ან ერთი რომელი სახელმწიფო სტრუქტურის გადასაწყვეტი პრობლემა არ არის და ამ პროექტში ჩართული უნდა იყოს როგორც ქალაქის მერია, ასევე კულტურის, განათლების, ეკონომიკის სამინისტრო, ვინაიდან კულტურული ფასეულობების შენარჩუნება და განვითარება კომპლექსური პრობლემაა და საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას.
  • ქალაქის კულტურული იერსახის განვითარების მიზნით ყურადღება უნდა მიექცეს ყველა იმ ფაქტორს, რომელიც წარმოიშვება ქალაქისა და მისი მაცხოვრებლების ურთიერთქმედების შედეგად. კერძოდ კი, ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობას, ისტორიული ძეგლების მდგომარეობის შესწავლასა და კონტროლს, ძველ ეროვნულ ფასეულობებს, ტრადიციული ხელოვნების მიმართულებების შენარჩუნებასა და თანამედროვე ხელოვნების ტენდენციების პოზიციონირებას.
  • თბილისის ცენტრის განვითარებისათვის აუცილებელია მშენებლობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და მისი ქმედითუნარიანობის უზრუნველყოფა.
  • ძველი თბილისის იდენტურობის შენარჩუნებისათვის არქიტექტურის შენარჩუნების პარალელურად საჭიროა შევინარჩუნოთ ~ძველი თბილისის სოციუმის~ სპეციფიკა.
  • როგორც ქალაქის მთავარი საიდენტიფიკაციო ნიშანი, კულტურის მნიშვნელოვან ინდიკატორად განხილული უნდა იყოს თბილისის სოციუმის მულტიეროვნულობა და უნდა დაიგეგმოს კონკრეტული ქმედებები ამ ფასეულობის შენარჩუნების, განვითარებისა და პოზიციონირებისათვის.
  • თბილისის ცენტრი კულტურული ცხოვრების თვალსაზრისით ქალაქის ყველაზე აქტიური ნაწილი უნდა იყოს, მიმზიდველი და საინტერესო როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, ასევე ვიზიტორებისთვის.
  • ქალაქის განვითარების მიმართულებებში გათვალისწინებული უნდა იქნას თბილისური ტრადიციების შენარჩუნებისა და დაცვის მექანიზმები.  თბილისის განვითარების ეტალონი ქალაქის ~გენეტიკურ და მორფოლოგიურ~ ხასიათში უნდა ვეძებოთ.
  • თბილისის კულტურული განვითარების კონცეფცია უნდა ითვალისწინებდეს იმ ფაქტს, რომ თბილისის მთავარი საიმიჯო მახასიათებელი მისი დინამიურობა, მრავალფეროვნება, სხვადასხვა ეროვნებისადმი ტოლერანტულობა, ცხოვრების ცოცხალი, ენერგიული სტილია, რომ თბილისის იდენტურობაში მის მცხოვრებთა ყოველდღიურ ყოფას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე მოწესრიგებულ საგზაო მოძაობას და განათებულ შენობებს. დინამიურობა თბილისის სავიზიტო ბარათია, რისი გადმოცემაც უნდა მოხდეს სხვადასხვა ტექნიკით, იქნება ეს აქტუალური  მოღვაწეობა თეატრსა თუ სამხატვრო ხელოვნებაში, კლასიკური მუსიკის კონცერტები, ჯაზ-ფესტივალი თუ თანამედროვე ქართული ანიმაციური კინოს კვირეული.
  • ისევე როგორც ქალაქში ტურიზმის განვითარების სტიმულირებისათვის, ასევე ქალაქის მაცხოვრებელთა ფასეულობების განვითარებისათვის, სასურველია, თბილისმა შეინარჩუნოს ურთიერთობის  ძლიერი კულტურა. კულტურული განვითარების პროგრამის მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ ქალაქის, როგორც ღია სისიტემის ჩამოყალიბება უნდა იყოს. ღია ქალაქი უზრუნველყოფს ადამიანების დაახლოებას ერთმანეთთან, ტოლერანტობის გაძლიერებას, დემოკრატიის პრინციპების დამკვიდრებას სოციალური ქცევის დონეზე, რასაც, სავარაუდოდ, მივყართ გლობალიზაციისა და ინტეგრაციის საკითხთან ქართული ტრადიციების შენარჩუნების ფონზე.

დასკვნა

ვფიქრობთ, გამოკვლევის შედეგების გამოყენება რამდენიმე მიმართულებით იქნება შესაძლებელი.

  1. კულტურული პოლიტიკის საერთაშორისო გამოცდილებისა და თბილისური კულტურული პოლიტიკის კვლევის შედეგების საფუძველზე მომავალში თბილისის ურბანული კულტურული პოლიტიკის სტრატეგიული გეგმის განხორციელება.
  2. კვლევის შედეგები  შეიძლება თბილისურობის ფენომენის შესწავლისა და შემდგომში უმნიშვნელოვანესი ვიზიონერული პრობლემის- დედაქალაქის იდენტურობის გადაწყვეტისთვის იქნას გამოყებებული.

გამოყენებული ლიტერატურა

  • არაბული კ., ბალიაშვილი მ., გეგელია თ., გუნია-კუზნეცოვა ნ., ყიფიანი ნ., შათირიშვილი ზ. “თბილისის კულტურისა და ტურიზმის  კონცეფცია”. თბილისი, 2004
  • ოგიუსტენ ჟირარი “კულტურული განვითარება: გამოცდილება, და პოლიტიკა”
  • კარლოს ფუენტესი “კულტურა, როგორც ისტორიის მთავარი გმირი”
  • Ландри  Ч.  Творческий Город. Лондон, 2000.
  • Ландри  Ч. Грин Л. Маттарассо Ф. Бианчини Б. Воображение и регенерация: культурная политика и будущее городов.   Лондон, 1996. Семиотика и искусствометрия, сборник переводов. М., 1972
  • Levy P.  Collective Intelligence, Milan,  Feltrinelli, 1996
  • Don Adams, “რა არის კულტურის პოლიტიკა? “
  • WWCD Project Director Webster`s Wold of Cultural Democracy . The World Wide Web center of The Institute for Cultural Democracy , 1996-2001